вторник, 23 декабря 2008 г.

ინტერვიუ თამარა ბებოსთან

ყოველთვის მაინტერესებდა ჩემი უბნის - ხეივნის ისტორია და ერთ დღესაც გადავწყვიტე, რომ ჩემს ყველაზე უხუცეს მეზობელს გავსაუბრებოდი და გამომერკვია ჩემთვის საინტერესო ამბები. თამარა ბებომ საკმაოდ საინტერესოდ მიამბო, რაც ახსოვდა:
- თამარა ბებო, ძალიან მაინტერესებს თქვენი უბნის ისტორია. თუ არ შეგაწუხებთ, გთხოვთ მიამბოთ, რა იცით ხეივნის შესახებ?
- ეჰ, შვილო, იმდენი რამ ვიცოდი, მაგრამ ასაკის გამო ყველაფერი აღარ მახსოვს. აბა ვნახოთ, რა გამახსენდება. თურმე ხეივანი, ეს ჩავარდნილი ადგილი, რომელიც მტკვარს ესაზღვრება, "ქართლის ცხოვრებაშიც" ყოფილა ნახსენები. ოღონდ, ამ სახელით არა, უბრალოდ "ბაღებით". კრწანისის ბრძოლის დროს არა-მაჰმად-ხანი სწორედ ამ გზით მიადგა ხარფუხს, სადაც ეს საშინელი ბრძოლა მოხდა.
- კი, მაგრამ, თქვენ საიდან იცით, რომ ეს სწორედ ის ბაღებია?
- როგორ არ ვიცი შვილო?! აბა, ხარფუხამდე, მტკვრის გაყოლებაზე სხვა რა ბაღი იქნებოდა?!
- კიდევ რა იცით, გთხოვთ განაგრძეთ!
- ისიც ვიცი, რომ კომუნისტების დროს მახარაძეს შეუსყიდია ეს ადგილი და აქ არაჩვეულებრივი ხეხილისა და ყვავილების ბაღები გაუშეუნებიათ. ძალიან დიდი ხანი, კომუნისტების წასვლის შემდეგაც კი, ხეივანს მახარაძის ბაღებს, რუსულად კი "колхоз махарадзе" - ს ეძახდნენ. მაშინ აქ დასახლება არ ყოფილა. ხალხი მხოლოდ დღევანდელ გულუას ქუჩაზე ცხოვრობდა. შემდეგ დაიწყეს ხეივანში ჩამოსახლება სხვადასხვა რაიონებიდან. ხეივანი კი, ალბათ, იმიტომ უწოდეს, რომ ზემოდან თუ გადმოხედავდი, ისე იყო გადამწვანებული, მართლა ხეივანი გეგონებოდა.
- ნეტავ, როგორი იყო მაშინ ჩვენი უბანი?
- ძალიან, ძალიან ლამაზი. იცი? ყარაჩოხელების სიმღერაში რომ არის ნახსენები "ორთაჭალის ბაღში მნახე, ვინა ვარ!" ამ სიტყვებშიც სწორედ ხეივანი იგულისხმება.
- მართლა? ე.ი. ჩვენ ორთაჭალის ბაღში ვცხოვრობთ?
- აბა, არ იცოდი? ახლა ჩვენს უბანს დაეკარგა თავისი პირვანდელი სახე და ალბათ, ეს ყველაფერი ძნელი წარმოსადგენია, აქაურობა უზარმაზარი სახლებით გაივსო, სწორედ ამის გამო გაკაფეს უამრავი ხეხილი და ისეთი სილამაზე აღარ შერჩენია აქაურობას.
- ტამარა ბებო, ძალიან მომინდა ჩვენი უბნის ძველებური იერსახის ნახვა, მაგრამ ეს შეუძლებელია. ერთი რამ კი მოვიფიქრე, იქნებ ჩვენ ძველსა თუ ახალ მეზობელს ვთხოვოთ, რომ ის ხეები, რომლებიც გაკაფეს, ახლით ჩავანაცვლოთ. თითო ეზოში რომ თითო ხე დაირგას, განა ოდნავ მაინც არ დავამსგავსებთ ჩვენს უბანს "ძველ ხეივანს"?
- ძალიან კარგი აზრია, ანი! აბა შენ იცი! ამ საქმეს შენ განდობ. მგონი, ყველას მოეწონება შენი აზრი. მეც ბედნიერი ვიქნები, თუ სიკვდილის წინ ჩვენს უბანს ისევ ძველებურად აყვავებულს ვნახავ.